Thursday, November 14, 2013

ხელოვნება

    რუსთავი გამოირჩევა ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების სიმრავლით. ამჟამად რუსთავში ფუნქციონირებს 4 მუსიკალური სკოლა, რომლებიც  დიდი წარმატებით მოღვაწეობენ. (№1, №2 -ფოლკლორის სკოლა, №3 და №4 (ჯანსუღ კახიძის სახელობის) მუსიკალური სკოლები). თითოეული მათგანი აქტიურად არის ჩართული ქალაქის კულტურულ განვითარებაში.  ეს ხელს უწყობს მათი სახელის დამკვიდრებას ფართო საზოგადოებაში. ასევე დიდი წარმატებით მონაწილეობენ საერთაშორისო კონკურსებში, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მე-2 მუსიკალური სკოლის დირექტორი, ქალბატონი თამარ ბუაძე, თავისი ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის არის რუსთავის  საპატიო მოქალაქეთა რიცხვში.

     უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ რუსთავს  მრავალი ქორეოგრაფიული ანსამბლი ჰყავს: „სალხინო“, „ორიონი“, „გორგასალი“, „რუსთველი“, „მწვერვალი“ და ა.შ.






რუსთავის სახელმწიფო დრამატული თეატრი

   იმისათვის, რომ ჩვენი ქალაქის წარმოჩენა უფრო უკეთ შეგვძლებოდა, კიდევ ერთხელ ვესტუმრეთ იმ ადგილებს, რომლებსაც აქამდე სულ სხვა თვალით ვუყურებდით და ჩვენდა გასაოცრად აღმოჩნდა,რომ თითოეულ შენობას იმაზე დიდი ისტორია აქვს, ვიდრე გვეგონა.
   პირველად ვესტუმრეთ რუსთავის დრამატულ თეატრს და გავესაუბრეთ ადამიანს, რომელიც თეატრის გახსნის დღიდან იქ მოღვაწობს. ეს ადამიანი იყო რუსთავის დრამატული თეატრის  ადმინისტრატორი დალი ჩახვაშვილი. მასთან ვისაუბრეთ თეატრის ისტორიასა და სამომავლო გეგმებზე.
   ქ.რუსთავის დრამატული თეატრი გაიხსნა 1967 წელს. თეატრს სათავეში ჩაუდგა ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე გიგა ლორთქიფანიძე. პირველი სპექტაკლი, რომელიც  დაიდგა თეატრში, იყო „ სირანო დე ბერჟერაკი“. თავდაპირველად დასში  26 ადამიანი იყო გაერთიანებული. მის შემადგენლობაში იყვნენ ისეთი გენიალური მსახიობები ,როგორებიც არიან: გივი ბერიკაშვილი, ოთარ მეღვინეთუხუცესი, მალხაზ გორგილაძე, ირაკლი უჩანეიშვილი და ა.შ. 1978 წელს ეს დასი დაიშალა და მსახიობებმა მოღვაწეობა გააგრძელეს სხვადასხვა თეატრში.
    პირველად თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო გიგა ლორთქიფანიძე, შემდეგ სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორიც ხდება ანზორ ქუთათელაძე, მომდევნო ხელმძღავნელი გახლდათ თამაზ მესხი, შემდეგ ლევან სვანაძე, 1999 წლიდან 2003 წლამდე გოგი ქავთარაძე.
  2003 წლიდან თეატრს არ ჰყავდა სამხატვრო კონსულტანტი, ჰყავდა მმართველი. ამავე წლიდან სამხატვრო ხელმძღვანელი ხდება რობერტ სტურუა.
  2010 წელს დაიწყო თეატრის განახლება და ძირითადად შეწყდა თატრალური წარმოდგენები. განახლების შემდეგ თეატრი ისევ განაგრძობს მუშაობას. განახლდა მისი გარე და შიდა ფასადები, სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა აგრეთვე დარბაზს. გასაახლებელი დარჩა მხოლოდ საგრიმიოროები და სულ მალე მათი განახლებაც დასრულდება.
   საუბრის ბოლოს ქალბატონმა ლალიმ გაგვიმხილა, რომ მომავალში გიამართება სპექტაკლი „მაკნატუნა“. ეს იქნება საახალწლო სპექტაკლი, რომელიც დაიწყება სავარაუდოდ 15 დეკემბრიდან.


დღეს არსებული პრობლემები

    ამჟამად თვითმმართველ ქალაქ რუსთავში უამრავი სიახლე ხორციელდება: ქუჩების განახლება-გალამაზება, გამწვანება; ყურადღების ცენტრშია ეკონომიკური, სოციალური და გარემოს დაცვითი საკითხები.
   იმის დასადგენად, თუ რომელი პრობლემები აწუხებს დღეს რუსთავის მოსახლეობას, ჩავატარეთ სიციალური გამოკითხვა, რის შედეგადაც გამოიყო სამი მთავარი საკითხი:
1) ქალაქში კინოს არარსებობა (ახალგაზრდული აქტივობის პრობლემები);
2) „მაწანწალა“ ძაღლების სიმრავლე;
3) სკვერებსა და პარკებში ვიდეო კონტროლის დაყენება და დაზიანებული ინვენტარის შეკეთება.
  ამ სამი მთავარი პრობლემის გამოკვეთის შემდეგ ჩავატარეთ საზოგადოებრივი გამოკითხვა, რათა ამორჩეული ყოფილიყო ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა.
გამოკითხვამ შემდეგი შედეგები აჩვენა:



    როგორც ჩანს, საზოგადოებას არც თუ ისე აწუხებს ქალაქში კინოს არარსებობა. რადიკალურად განსხავებულია საზოგადოების დამოკიდებულება მეორე და მესამე პრობლემის მიმართ.
  „მაწანწალა“ ძაღლები წელსაც გადაუჭრელ პრობლემად რჩება, გარკვეული მიზეზების გამო, თუმცა ამ მიმართულებით იგეგმება განსაზღვრული ღონისძიებები სამომავლოდ.
   რაც  შეეხება სკვერებსა და პარკებში ვიდეო კონტროლის დაყენებასა და ინვენტარის შეკეთებას, ამ პრობლემის გადაჭრა უკვე მიმდინარეობს რუსთავის მერიის დიდი ძალისხმევით.
  
   ქალაქში არსებული პრობლემების, სიახლეებისა და ინოვაციების უკეთ შესასწავლად ვესტუმრეთ ქალაქის მერს დავით ჯიქიას, რომელმაც ამომწურავი პასუხები გაგვცა დასმულ შეკითხვებზე.  გთავაზობთ ინტერვიუს:

1) ჩვენ ჩავატარეთ საზოგადოებრივი და სოციალური გამოკითხვა. შედეგმა აჩვენა, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს აწუხებს სკვერებში ვიდეოკონტროლის არარსებობა და დაზიანებული ინვენტარი. როგორ აპირებთ ამ პრობლემის გადაჭრას? 
-სკვერებთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ ის, რომ წესრიგის დაცვის მიზნით იგეგმება საპატრულო პოლიციასთან შეთანხმებით სკვერებში მცველების განაწილება. რაც შეეხება ვიდეო კონტროლს, ამ მიმართულებით სიახლეებს არ ვგეგმავთ. უკვე მიმდინარეობს ლეონიძის სკვერის რეაბილიტაცია, რასაც ესაჭიროება ნახევარი მილიონი ლარი; მიმდინარეობს რუსთავის ცენტრალური სკვერის განახლება,რომელიც  ერთ მილიონამდე თანხას საჭიროებს.ამ თანხაში არ შედის ციხის რეაბილიტაცია ,რადგან არ გვყავს ამ დარგში გარკვეული სპეციალისტები , მაგრამ  განათდება მისი გარე ფასადი.
2)რა სახის პროექტები იგეგმება იძულებით გადაადგილებულ და სოციალურად დაუცველ პირებთან დაკავშირებით?
- ამ მიმართულებით მერია ახორციელებს რამდენიმე სახის პროექტს:
1.სასურსათო პროგრამა (200 ლარის პროდუქტი გადაეცემათ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ყველა ოჯახს);
2.წამლების პროგრამა (ძვირადღირებული მედიკამენტებით უზრუნველყოფა);
3.ოპერაციების დაფინანსება (გადაუდებელი ოპერაციები );
4.კომუნალური გადასახადების დაფინანსება;
  სამომავლოდ ეს პროგრამები გავრცელდება უსინათლო ადამიანებზე.
გარდა ამისა, არსებობს სარეზერვო ფონდი, რომელიც გამოიყენება განსაკუთრებულ შემთხვევებში. მაგალითად; სარეზერვო ფონდმა დააფინანსა 5 წლის ბავშვის გულის ოპერაცია.
3)რისი განახლება მიმდინარეობს და რა გაქვს პერსპექტივაში?
-განვმეორდები და ვიტყვი, რომ უკვე მიმდინარეობს ლეონიძის სკვერისა და ცენტრალური პარკის განახლება. რაც შეეხება სამომავლო პროექტებს: პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ვაპირებთ ქალაქის ტექნიკური წყლით მომარაგებას ,რომლითაც დაიქსელება მთელი ქალაქი და იმუშავებს ავტომატურ რეჟიმში. გარდა ამისა, იგეგმება რუსთავი-მარნეულის მიმართულებით ავტობანის მშენებლობა. ეს ქალაქისთვის მომგებიანია, რადგან პროდუქტის ძირითადი ნაწილით გვამარაგებს მარნეული და მანძილის შემოკლება დროს დაგვაზოგინებს. შორეულ გეგმად ვისახავთ იაღლუჯის მთის გამწვანებას,რასაც სჭირდება საკმაოდ დიდი დრო და თანხა.






გალერეა

არასამთავრობო ორგანიზაციები

სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CIDA)

გამგეობის თავმჯდომარე: ზვიად დევდარიანი
სამოქალაქო განვითარების სააგენტო არის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 2002 წლის 13 აგვისტოდან, ქვემო ქართლში, დემოკრატიული მმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პრინციპებს ავითარებს.
მიზნები:
ეროვნული ინტეგრაციული პროცესების დაჩქარება, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. CIDA იღწვის სამოქალაქო თანამშრომლობის ფორმირებისაკენ, ყველაფერ ამას კი, დამოუკიდებელი მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა განვითარების გზით ახორციელებს. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
•ადგილობრივი ხელისუფლების გამჭვირვალობა და სამოქალაქო მონაწილეობა;
•დამოუკიდებელი მედიის განვითარების ხელშეწყობა;
• ახალგაზრდული პოლიტიკის განვითრების ხელშეწყობა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (რუსთავის ოფისი)
ხელმძღვანელი: ეკატერინე ფავლენიშვილი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რუსთავის წარმომადგენლობა დაფუძნდა 5 კაციანი საინიციატივო ჯგუფის მიერ 1995 წლის იანვარში.
2001 წლიდან საიას რუსთავის წარმომადგენლობა ფუნქციონირებს საიას რუსთავის ოფისის სახელწოდებით.
მიზნები:
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რუსთავის ოფისი სთავაზობს ქვემო ქართლის მოსახლეობას და სხვადასხვა ორგანიზაციებს უფასო იურიდიულ კონსულტაციებს სხვადასხვა სახით – სატელეფონო, პირადი, გასვლითი, ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას, სამართლის დარგების მიხედვით რუსთავის ოფისში ეწყობა მრგვალი მაგიდები, შეხვედრები, სემინარები. მოხალისეებთან ერთად ახორციელებს ქალაქ რუსთავის ბიუჯეტის მონიტორინგს.
 

სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია
 აღმასრულებელი დირექტორი:  ინგა პაიჭაძე
    დაარსდა 1999 წელს, სხვადასხვა ორგანიზაციებისა და პროგრამების ფარგლებში მომზადებული მწვრთნელების მიერ, როგორც რუსთავის მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაცია. რეგისტრაციაში გატარდა რუსთავის სასამართლოს მიერ 2000 წელს. 2005 წლის სექტემბერში საქმიანობის არეალის გაფართოებასთან დაკავშირებით შეიცვალა იურიდიული მისამართი, სახელი და მიზნები. ეწოდა სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია, რეგისტრაციაში გატარდა იუსტიციის სამინისტროს რუსთავის სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურ მიერ.
მიზნები:
ეკოლოგიური, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური, საგანათლებლო, სათემო, კულტურული, ანტიკორუფციული, ახალგაზრდული და სხვა საკითხების მოგვარების ხელშეწყობა საგანათლებლო საქმიანობით; სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა; საქართველოში საგანმანათლებლო ინიციატივების დანერგვა; დემოკრატიული პრინციპების დანერგვა; ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობა; მრავალმხრივი და უწყვეტი განათლების ხელშეწყობა; განათლების სისტემის მუშაკთა პროფესიული განვითარება და განათლების ხარისხის ზრდა; ევროპულ და გლობალურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციისა და თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობა თავისი მიზნების მისაღწევად ასოციაცია ახორციელებს შემდეგ საქმიანობას: ატარებს და ორგანიზებას უკეთებს ტრენინგებს, სემინარებს, კონსულტაციებს, კონფერენციებს, სამუშაო შეხვედრებს; ეწევა საგამომცემლო საქმიანობას; აწყობს მასობრივ და საქველმოქმედო ღონისძიებებს; გეგმავს, ინიცირებას უკეთებს და ახორციელებს საერთაშორისო ეროვნული, რეგიონალური და ლოკალურ პარტნიორულ პროგრამებსა და პროექტებს; ეწევა დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც არ ცვლის კავშირის, როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირის ხასიათს; ეწევა კანონმდებლობით აუკრძალავ სხვა საქმიანობას.
 

ასოციაცია ,,ქართველი ახალგაზრდები ევროპისათვის”
ალექსანდრე მეტრეველი – თავმჯდომარე
საქმიანობა: ახალაგაზრდული კლუბები, ბანაკები, არაფორმალური განათლება.


”რუსთავის საინფორმაციო ცენტრი”
გამგეობის თავმჯდომარე: ნესტან არჩვაძე
დაარსდა 2003 წლის აგვისტოში, ფონდ ”ევრაზიის” პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
მიზნები:
ცენტრის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების, ადგილობრივ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის თანამედროვე ფორმების დანერგვის ხელშეწყობა.  ადგილობრივი მნიშვენლობის იურიდიულ, სოციაურ და ეკონომიკურ საკითხებზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მოქალაქეთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურება და ინფორმაციის გავრცელება. მონაცემთა ბაზების შექმნა და მოქალაქეებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ორმხრივი კომუნიკაციის ხელშეწობა.


ააიპ “ ახალგაზრდული საგანმანათლებლო ასოციაცი (ასა)

მიზანი: სამოქალაქო აქტივობა ბავშვების, ქალებისა და ეთნიკური უმცირესობების საკითხებში
გამგეობის თავმჯდომარე: ირინა მელქაძე

   „მოზარდთა ინიციატივების სტუდია“
პრეზიდენტი: ნინო რაზმაძე
მიზნები:
მოზარდების ინიციატივების წახალისება, ხელოვნების განვითარება, ხატვის, ცეკვის, თექაზე მუშაობის, კარატეს შემსწავლელი უფასო კურსები.


    ააიპ „შემოქმედებითი ჯგუფი “Creative Group“
პრეზიდენტი: დემეტრე სამყურაშვილი
მიზნები:
ახალგაზრდული სამიქნობის პოპულარიზაცია, ხელშეწყობა და განვითარება; სპორტული. თეატრალური და საქველმოქმედო ღონისძიებები, მუსიკალური ფესტივალები, გარემოს დაცვა–დასუფთავების ხელშეწყობა, შემოქმედებითი დღეების მოწყობა.

   ააიპ „ინდიგო“
გამგეობის თავმჯდომარე: ნათია იობაშვილი
მიზნები:
ბავშვთა და მოზარდთა ჯანდაცვა, საგანმანათლებლო პროგრამები, სასწავლო ცენტრი, კვლევები, განათლება, ჯანმრთელობა


   ააიპ “აისი“
გამგეობის თავმჯდომარე: ცია ცხვრებაშვილი
მიზნები:
არაფორმალური განათლება, ახალგაზრდული ინიციატივები. მზრუნველობას მოკლებული მოზარდებზე ზრუნვა, ადამიანის უფლებების დაცვა.


   ააიპ „მომავალი მომავლისათვის“

გამგეობის თავმჯდომარე: დავით ნარიმანაშვილი
მიზნები:
ჯანმრთელობის,ახალგაზრდობის უმცირესობების საკითხები, სასოფლო,აგრობიზნესის განვითარება, მოწყვლადი ფენები, დევნილები, ტრენინგები

   საზოგადოება “დემოსი“
გამგეობის თავმჯდომარე: ლიანა ჩარკვიანი
მიზნები:
სამოქალაქო განვითარება, ეთნიკურ უმცირესობათა ინტეგრაცია, განათლება, ქალთა და ბავშვთა უფლებები


   ორგანიზაცია“ბავშვი და გარემო” (რუსთავისოფისი) 
პროექტის კოორდინატორი : ნანა ქორიძე
ფედერაცია "გადავარჩინოთ ბავშვები" და არასამთავრობო ორგანიზაცია “ბავშვი და გარემო” ახორციელებს პროექტს “ახალი ცხოვრების დასაწყისი”.
მიზნები:
ხარისხიანი ალტერნატიული მომსახუროების გაწევა სოციალურად დაუცველი ბავშებისა და მათი ოჯახებისათვის ადგილობრივ თემში და მათი სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში ქ. რუსთავში ფუნქციონირებს სარეაბილიტაციო დღის ცენტრი “საპოვნელა”.

განათლება

  განათლებისა და ცოდნის გაღრმავების მიზნით რუსთავში უამრავი პროექტი ხორციელდება. დღეს ქალაში 26 საჯარო სკოლა, 20-მდე კერძო სკოლა, 2 ავტორიზებული აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებელი, 1 სახელმწიფო და 1 კერძო პროფესიული გადამზადების ცენტრი და 10-მდე კერძო კოლეჯი ფუნქციონირებს.
    ქალაქის საგანმანათლებლო სისტემას ხელმძღვანელობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო - რესურსცენტრი. 
   
    პროფესიული სწავლება -  ბოლო წლებში არსებითი ცვლილება განიცადა საქართველოს პროფესიული განათლების პოლიტიკამ. შეიქმნა კონცეფცია, რომლის მიხედითაც პროფესიული სწავლება შრომის ბაზარზე ორიენტირებული, ახალი საგანმანათლებლო სტანდარტების შესატყვისი სისტემა გახდა. მისი მიზანია, დააკმაყოფილოს სწრაფად და მუდმივად ცვალებადი შრომის ბაზრის მოთხოვნები.

   სკოლამდელი აღზრდა - რაც შეეხება სკოლამდელი აღზრდის სფეროს, 2008 წელს რუსთავის ბაგა-ბაღებს იურიდიული სტატუსი შეეცვალა, შეიქმნა არაკომერციული იურიდიული პირი „ბაგა-ბაღების გაერთიანება“, რომელიც ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან .  გაერთიანების მუშაობის ძირითადი მიმართულებებია:  სკოლამდელი დაწესებულებების ოპტიმიზაცია და სახსრების ეკონომიური ხარჯვა;სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დაკომპლექტება ახალგაზრდა, უმაღლესი განათლების მქონე კვალიფიციური კადრებით; მუშაკთა პროფესიული დონის ამაღლება; ახალი ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა; ახალგაზრდა, დამწყებ კადრებთან მუშაობა და აღმზრდელების უზრუნველყოფა მეთოდური ლიტერატურით; ბავშვის გონებრივი, ზნეობრივი, ფიზიკური, ესთეტიკური განვითარება; დამატებით, საგანმანათლებლო ფასიან მომსახურებაზე ხელის შეწყობა;საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარ-ჩვევების შეძენა. 2012 წლი მონაცემებით, რუსთავის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 5200 აღსაზრდელი ირიცხებოდა .

 
    

  უმაღლესი განათლება -  რუსთავში ფუნქციონირებს ორი ავტორიზებული აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებელი.
 
რუსთავის სასწავლო უნივერსიტეტი.


   საშუალო სწავლება - დღეს ქალაქში 26 საჯარო სკოლაა,რომლებიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
  რუსთავის პირველი შვიდწლიანი შერეული სკოლა  1944 წელს გაიხსნა. დაწყებით კლასში ირიცხებოდა 4 მოსწავლე, ხოლო ზედა კლასებში — 7-8. სკოლაში მუშაობდა 5 პედაგოგი. 1948 წელს დაარსდა პირველი რვაწლიანი სკოლა (დღევანდელი მე-2 საჯარო სკოლა).
 
  ქ.რუსთავის №2 საჯარო სკოლა.


    სსიპ ქალაქ რუსთავის #4 საჯარო სკოლა უკვე მესამე წელია საატესტატო გამოცდების შედეგებით ქვეყნის საუკეთესო სამეულში ხვდება. იგი წარმატებული მოსწავლეებითა და სწავლის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. წელსაც, 2013 წლის საატესტატო გამოცდების საშემოდგომო სესიებზე 54 კურსდამთავრებულიდან 13-მა ოთხივე საგანში მიიღო შეფასება „10“.ხოლო საგნების საშუალო ქულა 9, 2-ზე მეტია.
 რუსთავის მეოთხე საჯარო სკოლა 1978 წლის 20 აგვისტოს გაიხსნა.დღეს სკოლაში 1700-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს, მათ აღზრდას 100-ზე მეტი პედაგოგი ემსახურება, მათგან 56 სერთიფიცირებულია. სკოლის კურსდამთავრებულები ყოველ წელს მაღალ შედეგებს აჩვენებენ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებსა და სხვადასხვა კონკურსებში, მაღალი მიღწევები აქვთ ეროვნულ გამოცდებზე. ამჟამად სკოლის დირექტორია მამუკა ხამხაძე.
   
  ქ.რუსთავის #4 საჯარო სკოლა.

Wednesday, November 13, 2013

რუსთავის ისტორია

     ქ.რუსთავის ტერიტორიაზე ადამიანი შუა ბრინჯაონს ხანაში დასახლებულა. ამას ადასტურებს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე აღმოჩენილი წითლად შეღებილი და შავად მოხატული ჭურჭელი. ამ ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად დაფიქსირდა რამდენიმე მსხვილი დასახლება, აგრეთვე აქ აღმოჩენილი მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური მონაპოვარი ცხადყოფს, რომ რუსთავის მოსახლეობა მისდევდა მესაქონლეობას, მიწათმოქმედებას, მეღვინეობა-მევენახეობას, მოჰყავდათ ხორბალი, ქერი ,ბოსტნეული. განვითარებული იყო: მეთუნეობა, მელითონეობა.
განსაკუთრებით დახელოვნებულები იყვნენ მეტალურგიაში (რასაც ადასტურებს საბრძოლო იარაღების აღმოჩენა ამ ტერიტორიაზე).   ასეთ განვითარებას ამ ტერიტორიაზე ლოგიკურად საქალაქო ცხოვრების ჩამოყალიბება უნდა მოჰყოლოდა.

რუსთავის ქალაქად ჩამოყალიბების დროსთან დაკავშირებით არსებობს ორი მოსაზრება:

1) ლეონტი მროველის „ქართლის ცხოვრების მიხედვით“ ქალაქი რუსთავი უკვე არსებობდა ძვ.წ. IV საუკუნიდან. ამავე მოსაზრებას მხარს უბამს ალექსანდრე მაკედონილის ქართლში ლაშქრობის ამსახველი წყაროები. სამწუხაროდ, რუსთავი არქეოლოგიურად საფუძვლიანად არ არის შესწავლილი,რის გამოც არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმის დასასაბუთებლად,რომ აქ დასახლება გაჩნდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

2) არსებობს აგრეთვე მოსაზრება, რომ რუსთავი ქალაქად ჩამოყალიბდა ახალი წელთაღრიცხვის IV საუკუნეში, რადგან ისტორიული წყარებით დასტურდება,რომ ალექსანდრე მაკედონელს არ ულაშქრია საქართველოში. აგრეთვე არქეოლოგიური გათხრების შედეგად ახალი წელთაღრიცხვის ნივთები უფრო მეტია ნაპოვნი.   საბოლოო ჯამში ამ საკითხის გადასაჭრელად აუცილებელია არქეოლოგიური გათხრების ჩატარება.
 რუსთავი დროთა განმავლობაში სხვადასხვა სახელს ატარებდა. IV საუკუნის შუაწლებიდან რუსთავი იწოდებოდა „ბოსტან ქალაქად“, რაც ნიშნავს უფლისწულთა ქალაქს. ეს სახელი რეალურად ასახავდა იმ ფაქტს ,რომ აქ ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ რევიანთა უფლისწულები.  IV საუკუნის ბოლოს, სამეფო კარის წარმომადგენელს გაჰყავს რუ (არხი). შესაბამისად, არხის სათავეში არსებულმა პუნქტმა „ბოსტან-ქალაქმა“ მიიღო მეორე სახელიც „რუსთავი“.

     მას შემდეგ, ქალაქის სახელმა კიდევ განიცადა ცვლილება, თუმცა „ რუსთავი“ საბოლოოდ შემორჩა.  ქალაქი დიდი ხნის განმავლობაში განიცდიდა აყვავებას, მაგრამ მტრების შემოსევების გამო მალევე დასუსტდა და განადგურდა. აყვავებული ხანის რუსთავიდან ჩვენამდე მოღწეულია მხოლოდ რუსთავის ციხე, რომელიც დაახლოებით ძვ.წ. V საუკუნით თარიღდება.

თანამედროვე საქართველოს რუკაზე რუსთავი, როგორც ქალაქი, 1948 წლიდან არსებობს. მისი წარმოშობა დაკავშირებულია საქართველოში მძიმე ინდუსტრიის მშენებლობასთან.

    XX საუკუნის რუსთავის ცხოვრება ქარხნების შენების ისტორიაა. იგი იწყება 1931 წლიდან, როდესაც გადაწყდა ამიერკავკასიის მსხვილი მეტალურგიული ქარხნის აგება. 1940 წელს მიიღეს ადგილობრივი ნედლეულისა და სათბობის ბაზაზე თბილისის რაიონში ამიერკავკასიის მეტალურგიული ქარხნის აგების  გადაწყვეტილება. 1944 წელს, საბჭოს გადაწყვეტილებით მშენებლობა გადაიტანეს რუსთავის ველზე, რადგან დიდი მასშტაბის მქონე ქარხნისთვის საკმარისი ადგილი მხოლოდ აქ მოიძებნებოდა.

 1948 წელს რუსთავი გამოცხადდა რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქად. აქ გამოადნეს პირველი ფოლადი, ამიაკი, თუჯი, კოქსი. ასევე რუსთავში აშენდა ბარაკის ტიპის სკოლა. რუსთავში არსებული პირველი ქართულენოვანი სკოლა  იყო ახლანდელი მეორე სკოლა.



რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი



  მუზეუმის თანამშრომლის მანანა ხავთასის თქმით, ქ.რუსთავის მხარეთცოდნეობის მუზეუმის გახსნა საჭირო გახდა იმ დღიდან, როდესაც დაიწყო თანამედროვე ქალაქ რუსთავის აღმშენებლობა (იგულისხმება მეტალურგიული ქარხნის აშენება), 1944 წლიდან.
   ამ დაწესებულების გახსნა განაპირობა რუსთავში დაწყებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა. თითქმის მიწის ზედაპირზე იყო ის ნივთები, რომლებიც XIII საუკუნით თარიღდება. საკმარისი იყო ბარის ერთი დაკვრა მიწაზე, რომ ეს ნივთები მალევე ამოდიოდა ზედაპირზე. ამის შემდეგ სხვადასხვა ნივთებს პოულობდნენ მუშები და ასევე ჩვეულებრივი ადამიანებიც. მათ ეს ნივთები მიჰქონდათ საცავში  და ამ გზით საკმაოდ დიდი რაოდენობით არქეოლოგიური მასალები დაგროვდა. ამ ყველაფრის გამო 1950 წლიდან უკვე გამოიყო შენობა მუზეუმისთვის. მანამდე მოპოვებული ნივთები ინახებოდა, პირველ ბარაკის ტიპის სკოლაში, სადაც გამოყოფილი იყო ოთახი ამ ნივთების შესანახად.
  1959 წელს გოგი ლომთათიძემ ჩამოაყალიბა მუდმივმოქმედი ექსპედიცია,რომლის შედეგადაც აღმოჩენილი ნივთები ინახება მუზეუმში.
  ამჟამად ქ.რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობა აქტიურად ფუნქციონირებს და მის პირველ სართულზე გამოფენილია არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნივთები, ხოლო მეორე სართულზე მეოცე საუკუნის რუსთავის ამსახველი მასალები.  მუზეუმის ფოიეში, პირველ სართულზე გამოფენილია სურათი, რომელზეც გამოსახულია ძველი რუსთავის ხედი( სურათი აღადგინა ერთ-ერთმა მხატვარმა). ამავე ფოტოზე კარგად ჩანს მაშინდელი  სახლების ტიპი, ჩანს ტაძარი, მოსახლეობის საქმიანობა და ა.შ.


რუსთავქალაქობა

  რუსთავი არ გამოირჩევა ადათ-წესების სიმრავლით. ერთ-ერთი ყველაზე ძველი ტრადიცია "რუსთავქალაქობაა" , რომელიც აღინიშნება ოქტომბერში. დღესასწაული გრძელდება ორი დღე და ამ დროის განმავლობაში იმართება სხვადასხვა ღონისძიება:
მუსიკალური და ქორეოგრაფიული ჯგუფების გამოსვლები, სახელდებიან რუსთავის საპატიო მოქალაქეები, არის სხვადასხვა გასართობი საშუალებები და საღამო მთავრდება გრანდიოზული ფოიერვერკებით. 

გალერეა