Wednesday, November 13, 2013

რუსთავის ისტორია

     ქ.რუსთავის ტერიტორიაზე ადამიანი შუა ბრინჯაონს ხანაში დასახლებულა. ამას ადასტურებს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე აღმოჩენილი წითლად შეღებილი და შავად მოხატული ჭურჭელი. ამ ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად დაფიქსირდა რამდენიმე მსხვილი დასახლება, აგრეთვე აქ აღმოჩენილი მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური მონაპოვარი ცხადყოფს, რომ რუსთავის მოსახლეობა მისდევდა მესაქონლეობას, მიწათმოქმედებას, მეღვინეობა-მევენახეობას, მოჰყავდათ ხორბალი, ქერი ,ბოსტნეული. განვითარებული იყო: მეთუნეობა, მელითონეობა.
განსაკუთრებით დახელოვნებულები იყვნენ მეტალურგიაში (რასაც ადასტურებს საბრძოლო იარაღების აღმოჩენა ამ ტერიტორიაზე).   ასეთ განვითარებას ამ ტერიტორიაზე ლოგიკურად საქალაქო ცხოვრების ჩამოყალიბება უნდა მოჰყოლოდა.

რუსთავის ქალაქად ჩამოყალიბების დროსთან დაკავშირებით არსებობს ორი მოსაზრება:

1) ლეონტი მროველის „ქართლის ცხოვრების მიხედვით“ ქალაქი რუსთავი უკვე არსებობდა ძვ.წ. IV საუკუნიდან. ამავე მოსაზრებას მხარს უბამს ალექსანდრე მაკედონილის ქართლში ლაშქრობის ამსახველი წყაროები. სამწუხაროდ, რუსთავი არქეოლოგიურად საფუძვლიანად არ არის შესწავლილი,რის გამოც არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმის დასასაბუთებლად,რომ აქ დასახლება გაჩნდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

2) არსებობს აგრეთვე მოსაზრება, რომ რუსთავი ქალაქად ჩამოყალიბდა ახალი წელთაღრიცხვის IV საუკუნეში, რადგან ისტორიული წყარებით დასტურდება,რომ ალექსანდრე მაკედონელს არ ულაშქრია საქართველოში. აგრეთვე არქეოლოგიური გათხრების შედეგად ახალი წელთაღრიცხვის ნივთები უფრო მეტია ნაპოვნი.   საბოლოო ჯამში ამ საკითხის გადასაჭრელად აუცილებელია არქეოლოგიური გათხრების ჩატარება.
 რუსთავი დროთა განმავლობაში სხვადასხვა სახელს ატარებდა. IV საუკუნის შუაწლებიდან რუსთავი იწოდებოდა „ბოსტან ქალაქად“, რაც ნიშნავს უფლისწულთა ქალაქს. ეს სახელი რეალურად ასახავდა იმ ფაქტს ,რომ აქ ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ რევიანთა უფლისწულები.  IV საუკუნის ბოლოს, სამეფო კარის წარმომადგენელს გაჰყავს რუ (არხი). შესაბამისად, არხის სათავეში არსებულმა პუნქტმა „ბოსტან-ქალაქმა“ მიიღო მეორე სახელიც „რუსთავი“.

     მას შემდეგ, ქალაქის სახელმა კიდევ განიცადა ცვლილება, თუმცა „ რუსთავი“ საბოლოოდ შემორჩა.  ქალაქი დიდი ხნის განმავლობაში განიცდიდა აყვავებას, მაგრამ მტრების შემოსევების გამო მალევე დასუსტდა და განადგურდა. აყვავებული ხანის რუსთავიდან ჩვენამდე მოღწეულია მხოლოდ რუსთავის ციხე, რომელიც დაახლოებით ძვ.წ. V საუკუნით თარიღდება.

თანამედროვე საქართველოს რუკაზე რუსთავი, როგორც ქალაქი, 1948 წლიდან არსებობს. მისი წარმოშობა დაკავშირებულია საქართველოში მძიმე ინდუსტრიის მშენებლობასთან.

    XX საუკუნის რუსთავის ცხოვრება ქარხნების შენების ისტორიაა. იგი იწყება 1931 წლიდან, როდესაც გადაწყდა ამიერკავკასიის მსხვილი მეტალურგიული ქარხნის აგება. 1940 წელს მიიღეს ადგილობრივი ნედლეულისა და სათბობის ბაზაზე თბილისის რაიონში ამიერკავკასიის მეტალურგიული ქარხნის აგების  გადაწყვეტილება. 1944 წელს, საბჭოს გადაწყვეტილებით მშენებლობა გადაიტანეს რუსთავის ველზე, რადგან დიდი მასშტაბის მქონე ქარხნისთვის საკმარისი ადგილი მხოლოდ აქ მოიძებნებოდა.

 1948 წელს რუსთავი გამოცხადდა რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქად. აქ გამოადნეს პირველი ფოლადი, ამიაკი, თუჯი, კოქსი. ასევე რუსთავში აშენდა ბარაკის ტიპის სკოლა. რუსთავში არსებული პირველი ქართულენოვანი სკოლა  იყო ახლანდელი მეორე სკოლა.



რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი



  მუზეუმის თანამშრომლის მანანა ხავთასის თქმით, ქ.რუსთავის მხარეთცოდნეობის მუზეუმის გახსნა საჭირო გახდა იმ დღიდან, როდესაც დაიწყო თანამედროვე ქალაქ რუსთავის აღმშენებლობა (იგულისხმება მეტალურგიული ქარხნის აშენება), 1944 წლიდან.
   ამ დაწესებულების გახსნა განაპირობა რუსთავში დაწყებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა. თითქმის მიწის ზედაპირზე იყო ის ნივთები, რომლებიც XIII საუკუნით თარიღდება. საკმარისი იყო ბარის ერთი დაკვრა მიწაზე, რომ ეს ნივთები მალევე ამოდიოდა ზედაპირზე. ამის შემდეგ სხვადასხვა ნივთებს პოულობდნენ მუშები და ასევე ჩვეულებრივი ადამიანებიც. მათ ეს ნივთები მიჰქონდათ საცავში  და ამ გზით საკმაოდ დიდი რაოდენობით არქეოლოგიური მასალები დაგროვდა. ამ ყველაფრის გამო 1950 წლიდან უკვე გამოიყო შენობა მუზეუმისთვის. მანამდე მოპოვებული ნივთები ინახებოდა, პირველ ბარაკის ტიპის სკოლაში, სადაც გამოყოფილი იყო ოთახი ამ ნივთების შესანახად.
  1959 წელს გოგი ლომთათიძემ ჩამოაყალიბა მუდმივმოქმედი ექსპედიცია,რომლის შედეგადაც აღმოჩენილი ნივთები ინახება მუზეუმში.
  ამჟამად ქ.რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობა აქტიურად ფუნქციონირებს და მის პირველ სართულზე გამოფენილია არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნივთები, ხოლო მეორე სართულზე მეოცე საუკუნის რუსთავის ამსახველი მასალები.  მუზეუმის ფოიეში, პირველ სართულზე გამოფენილია სურათი, რომელზეც გამოსახულია ძველი რუსთავის ხედი( სურათი აღადგინა ერთ-ერთმა მხატვარმა). ამავე ფოტოზე კარგად ჩანს მაშინდელი  სახლების ტიპი, ჩანს ტაძარი, მოსახლეობის საქმიანობა და ა.შ.


რუსთავქალაქობა

  რუსთავი არ გამოირჩევა ადათ-წესების სიმრავლით. ერთ-ერთი ყველაზე ძველი ტრადიცია "რუსთავქალაქობაა" , რომელიც აღინიშნება ოქტომბერში. დღესასწაული გრძელდება ორი დღე და ამ დროის განმავლობაში იმართება სხვადასხვა ღონისძიება:
მუსიკალური და ქორეოგრაფიული ჯგუფების გამოსვლები, სახელდებიან რუსთავის საპატიო მოქალაქეები, არის სხვადასხვა გასართობი საშუალებები და საღამო მთავრდება გრანდიოზული ფოიერვერკებით. 

გალერეა


0 კომენტარი:

Post a Comment